logo
ENG



ოცნების რიტორიკის შემდეგ, RIA წერს, რომ "საქართველო EU-სთან კავშირის გასაწყვეტად მზადაა"

26 თებ 202315:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/26/g5gcixkrbc05j1n.jpg

ქართული ოცნების წევრების ანტიდასავლური განცხადებების შემდეგ, რომელიც მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიღებას ეხებოდა, რუსული მედია პროპაგანდისტულ სტატიას აქვეყნებს და წერს, თითქოს "საქართველო EU-სთან ურთიერთობის გასაწყვეტად მზადაა".

ავტორს ამ დეზინფორმაციის გასამყარებლად მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები მოჰყავს და აცხადებს, რომ ოფიციალურმა თბილისმა თქვა, უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ ევროპელები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გააგრძელებენ. სტატიაში ამის მიზეზად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ევროპელი პარტნიორების მოწოდებებია დასახელებული. აქვე აღნიშნულია, რომ თბილისი არ ჩქარობს ევროპელი პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებას და ციტირებს კახა კალაძის განცხადებას - "არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ".

სტატიაში საუბარია ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ დარეგისტრირებულ რუსულ კანონზეც, თუმცა პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტი, "ხალხის ძალის" დეპუტატების განცხადებას იშველიებს იმის სათქმელად, რომ ეს "აშშ-ის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების" კანონის მსგავსია. ავტორის თქმით, ქართული ოპოზიცია "უფრო შორსაც წავიდა" და განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი არა ამერიკულის, არამედ რუსული მსგავსია.

სტატიის ქვესათაურში "სტრატეგიული არჩევანი" ავტორი იმეორებს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებსაც, თითქოს კიევს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ ზრდაზე და აქვე მიუთითებს, რომ გასულ წელს რუსეთის საქართველოს "მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო".

რუსულ სახელისუფლებო მედიას არ ავიწყდება მაგალითად მოიყვანოს სერგეი ლავროვის სიტყვებიც, სადაც ის ოფიციალური თბილისის პოზიციას გაბედულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესებით მოქმედებს.

***

მაშინ, როცა მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, მას აქტიურად აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.


close დახურვა